23 August 2015      Medea♥     Views 6 253    
Category: Take Care

angel.ge და კულინარიული ბლოგი cookingblog4u.blogspot.com აგრძელებენ საერთო პროექტს "Simple Cooking" . ორცხობილები ძალიან მარტივად მოსამზადებელი დესერტი და წასახემსებელია. მისი სამსახურში, სასწავლებელში, პიკნიკზე წაღება მოსახერხებელია. ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეინახოთ. პროექტის წინა სტატიები: 1) 5 იდეა ლანჩისა და სნექებისთვის 2) 5 რეცეპტი საუზმისთვის

Simple Cooking: ორცხობილები (cookies)

სამარხვო ორცხობილები

მასალა:
12 ს.კ. წყალი
6 ს.კ. შაქარი
12 ს.კ. მურაბა/ჯემი/თაფლი
12 ს.კ. ზეთი
1 1/2 ჩ.კ. სოდა
1 1/2 ს.კ. ძმარი
ცოტა ვანილი
ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი

მომზადება:
წყალში გახსენით შაქარი, დაამატეთ ჯემი, მე შინდის ჯემი გამოვიყენე, ძალიან კარგ არომატს სძენს, კარგად აურიეთ. ერთიან მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ზეთი და კარგად შეურიეთ. სოდა ძმარში გახსენით და დაამატეთ და აურიეთ, ცომი რომ "აქაფდება" დაუმატეთ ცოდაოდენი ვანილი. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი. არაჟნის სისქის მასას რომ მიიღებთ, ცომი კოვზით გაანაწილეთ ფქვილმოყრილ საცხობ ტაფაზე. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსზე და გამოაცხეთ.
ცხვება დაახლოებით 15-20 წუთი.

Simple Cooking: ორცხობილები (cookies)

შვრიის ორცხობილები შოკოლადითა და ქიშმიშით

დაგჭირდებათ:
250 გ. კარაქი ან მარგარინი
1+ 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
2 დიდი კვერცხი
2 სადილის კოვზი თაფლი
ვანილი
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
მწიკვი მარილი
1 + 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
3 ჩ.ჭ. შვრია
1/3 ჩ.ჭ. ქიშმიში
1/3 ჩ.ჭ. შოკოლადის წვეთები

მომზადება:
კარაქი/მარგარინი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ, თაფლი და ვანილი. კვლავ კარგად ათქვიფეთ, უნდა გახდეს ერთგვაროვანი.
ცალკე თასში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შვრია, სოდა, მარილი და დარიჩინი, დაუმატეთ კვერცხიან მასას და მოზილეთ ცომი.
ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში და შოკოლადის წვეთები.
საცხობ ფორმაზე გაანაწილეთ ბურთულებად. თითოეულს შორის უნდა იყოს 3 სანტიმეტრი დაშორება, რადგან ცხობისას ორცხობილები ზომაში იმატებს.
გამოაცხეთ 190 გრადუსზე. 10-15 წუთი საკმარისია. უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა.

Simple Cooking: ორცხობილები (cookies)

მიწისთხილის კარაქის ორცხობილები

ინგრედიენტები:

130 გ. კარაქი
1 ჩ.ჭ. მიწისთხილის კარაქი
1 კვერცხი
3/4 ჩ.ჭ. შაქარი
ვანილინი
2+1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. მარილი

მომზადება:
კარაქი და მიწისთხილის კარაქი ერთად ათქვიფეთ.
რამდენიმე წუთში დაამატეთ შაქარი. განაგრძეთ თქვეფა.
კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, კვერცხი და ვანილიც შეათქვიფეთ.
ფქილი, სოდა და მარილი აურიეთ ცალკე თასში, შემდეგ კი დაამატეთ კარაქიან მასას. მოზილეთ ცომი.
გააკეთეთ ბურთულები, დააწყვეთ ცივ საცხობ ფირფიტაზე, ხელით ოდნავ დააწექით. გამოაცხეთ 175 გრადუსზე. 10-12 წუთში მზადაა. მიწისთხილის კარაქი სახლში თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ, ამისთვის იცილეთ ბმული მიწისთხილის კარაქის რეცეპტი

Simple Cooking: ორცხობილები (cookies)

შვრიისა და ქიშმიშის ორცხობილები

ინგრედიენტები:

170 გ. კარაქი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
1 კვერცხი
ვანილი
3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
3 ჩ.ჭ. შვრია
1/2 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ,კ. მარილი
1/2 ჩ,კ, დარიჩინი
1/8 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
1 ჩ,ჭ. ქიშმიში
1 ჩ.ჭ. ადუღებული, ცხელი წყალი

მომზადება:
ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი და გვერდით გადავდოთ.
კარაქი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ კრემისებური მასის მიღებამდე.
შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი და ვანილი.
ფქვილი, სოდა, მარილი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი ავურიოთ ცალკე ჯამში, დავამატოთ შვრიაც და კარგად ამოვურიოთ.
კარაქიან მასას შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები.
ქიშმიშს გადავუწუროთ წყალი და დავამატოთ ცომს.
ტაფაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ცომისგან გავაკეთოთ ბურთები, დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და ხელის დაწოლით გავაბრტყელოთ.
გამოვაცხოთ 170-175 გრადუსზე. 12-15 წუთში მზადაა.

Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top