22 March 2012      Salome_K     Views 6 301    
Category: Georgians



STYLISSIMO – Personal, Fashion & Beauty Blog

ბლოგერობა თანამედროვე საზოგადოებაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბევრს წერენ პოლიტიკაზე, ბიზნესზე, სპორტზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე... მაგრამ ეს ჩამონათვალი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ მას მოდის სფეროს არ მივუმატებთ. დღესდღეობით საკმაოდ მომრავლდა „მოდური ბლოგები“ და სწორედ ამ სტატიაში გაგაცნობთ ერთ-ერთი ქართული პოპულარული ბლოგის www.taa.ge -ს ავტორს.

STYLISSIMO - ეს ის სიტყვაა, რომელიც პირველივე ვიზიტისას მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. STYLISSIMO ჩემში BRAVISSIMO-ს ასოციაციას იწვევს, რასაც ნამდვილად იმსახურებს თათა მორჩილაძის ბლოგი. თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თანამედროვე (და არა მარტო) მოდის ტენდენციებზე, თბილისურ fashion-სიახლეებზე, ზოგადად სილამაზეზე, ან უბრალოდ გსურთ, განიტვირთოთ, მიიღოთ საოცარი ენერგია და გახალისდეთ, taa.ge ნამდვილად მოგცემთ ამის საშუალებას.

თათა ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. ბლოგერობა 2007 წელს დაიწყო. Taa.ge მალე 5 წლის იუბილეს იზეიმებს. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, თათა არასდროს ღალატობს თავის „შვილობილს“ და თითქმის ყოველდღე ეხმიანება მკითხველს.



„მოდაზე ბევრს ვწერ, მაგრამ პირადად ჩემს ცხოვრებაში მოდას შეძლებისდაგვარად დიდი ადგილი უჭირავს. “შეძლებისდაგვარად” კი ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს. მოდის სიყვარული და მოდურობა მოითხოვს უზომო ენერგიას, დროს და თანხებს.“

“WORKOHOLIC - ასეთი ტერმინი თუ არსებობს, მე შემეფერება“ - ამბობს თათა. მაგრამ დროის დეფიციტის მიუხედავად, ის აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს მოდის ახალ ტენდენციებს და მას არც თუ ისე იშვიათად იხილავთ მოდების ჩვენებებზე. იგი ყოველთვის ცდილობს, მოდას არ „ჩამორჩეს“.

„ზოგადად ვცდილობ, უახლესი ტენდენციების მოპასუხე რამდენიმე სიახლე მაინც შევიტანო ხოლმე ჩემს გარდერობში ყოველ სეზონზე.“



როგორც თვითონ ამბობს, „დაავადებულია“ შოპინგით იმდენად, რომ ხშირად უსარგებლო ნივთებიც კი „შემოეყიდება“ ხოლმე. მისი სუსტი წერტილი კაბები აღმოჩნდა. „როდესაც ონლაინ ან ჩვეულებრივ მაღაზიებს ვათვალიერებ, ისევ და ისევ კაბებისკენ გამირბის თვალი. გაზაფხული-ზაფხულისთვის უკვე იმდენი კაბა მაქვს, ერთი სული მაქვს, როდის დათბება.“



გამორჩეულად საყვარელი დიზაინერი არ ჰყავს, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაინც გამოარჩევს: „Christian Louboutin - მისი ფეხსაცმელები საოცარ ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს. Isabel Marant - უდიდესი სიამოვნებით ვატარებდი მის სამოსს, მისი ყოველი კოლექცია გამორჩეულია. კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია - Estee Lauder – ამ ქალბატონის მთელი ცხოვრება აღმაფრთოვანებს: მისი წარმატებები, მისი არაფრიდან დაწყებული უდიდესი ბიზნესი, მისი ხასიათი და გამძლეობა. ამ ბრენდის ერთგული ვარ.“



„დიდი ივენთომანი ვარ. საოცრად მიზიდავს საინტერესო ღონისძიებები: უამრავი ადამიანი - მათ შორის ბევრი ნაცნობი; შუშხუნა ღვინის ბოკლები, ფურშეტი და უამრავი ღიმილი; ჩაცმულობის ყველანაირი სტილი, რაც აუცილებლად უნდა დაათვალიერო და შეისწავლო...“



ცხოვრების რიტმი ძალიან დატვირთული აქვს, მაგრამ საკმაოდ საინტერესო, აქტიური და შემოქმედებითი. შთაგონების წყაროდ ქალიშვილი - ვიკიკო გაუხდია, რომელიც წარმატების მიღწევაში ეხმარება. „ვგრძნობ, ჩემი დროა... ყველაფერი უნდა გავაკეთო, ვიდრე ჩემი დრო დასრულდება, რადგან ყველაფერს, მათ შორის ჩემს დროსაც, ალბათ რაღაც სასიცოცხლო ციკლი აქვს. უნდა მოვასწრო ყველაფერი და მოვასწრებ კიდეც.“




სალომე კაკაბაძე www.angel.ge -სთვის


Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top