საქართველო ლონდონის ოლიმპიადაზე

საქართველოს დელეგაციამ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 7 მედლის მოპოვების გამო უამრავი
მოლოცვა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მედლების რეკორდული მაჩვენებელია,
1 ოქროს არც ერთ ოლიმპიადაზე დავჯერებულვართ და ჩვენი სპორტსმენები მინიმუმ 2 ოქროთი მაინც ახარებდნენ ხოლმე გულშემატკივარს.
გადავხედოთ ჩვენს შედეგებს, პრიზიორებსა და სტატისტიკას
ჩვენთვის ოლიმპიადა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. ჯერ კიდევ 29 ივლისს ბრწყინვალე
ასპარეზობის შემდეგ, 20 წლის ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 32 წლის უნგრელ სპორტსმენთან
ბრძოლაში ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
ვერცხლის პრიზიორები
1) ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
2) რევაზ ლაშხი
3) დავით მოძმანაშვილი

აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში მსაჯები ქართველებს ძალიან უსამართლოდ ექცეოდნენ. არაერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სწორედ მსაჯების არაობიექტურობა გახდა ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დამარცხების მიზეზი, რომლის ილეთსაც მსაჯებმა უბრალოდ ქულა არ მიაკუთვნეს და ფაქტიურად ოლიმპიური ჩემპიონობა წაართვეს მას. მართალია, საქართველოს დელეგაციის პროტესტის შემდეგ მსაჯებმა თავიანთი პოსტები დატოვეს, მაგრამ
გადაწყვეტილება მაინც არ შეცვლილა და ხინჩეგაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

წარმატებული იყო აგრეთვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხის ასპარეზობა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თუმცა ქართველმა ფინალის გამარჯვებით დაგვირგვინება ვეღარ შეძლო და ირანელ ომიდ ჰაჯი ნოროზსთან ორივე სეტში წააგო. ეს ქართველებისთვის ოქროს შემდეგ
მე-2, ვერცხლის მედალი გახლდათ.

მე-3 ვერცხლის პრიზიორი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმე წონოსანი დავით მოძმანაშვილი გახდა, რომელმაც 1/8 ფინალში მექსიკელი, 1/4 ყაზახი, ხოლო ნახევარფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა. დათოს ფინალში ოლიმპიური ჩემპიონობა უზბეკმა არტურ დაიმაზოვმა წაართვა.
ბრინჯაოს პრიზიორები
1) მანუჩარ ცხადაია
2) დავით მარსაგიშვილი
3) გიორგი გოგშელიძე

ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მანუჩარ ცხადაიამ მოუტანა, რომელმაც ნახევარფინალში გერმანელი დაამარცხა.

ბრინჯაოს პრიზიორი გახდა აგრეთვე 21 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში ბელორუსი სოსლან გაციევი დაამარცხა. მან 1/8 ფინალში მონღოლი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი მოულოდნელად მასზე სუსტ პუერტო რიკოელთან დამარცხდა. იმის გამო, რომ დათოს მძლეველი ფინალში გადავიდა, ჩვენს მოჭიდავეს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი დარჩა და მან ეს შანსი გამოიყენა.

საქართველოსთვის ოლიმპიადა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძის ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რომელმაც 96 კგ წონით კატეგორიაში უზბეკი კურბან კურბანოვი დაამარცხა და საქართველოს მე-3 ბრინჯაოს, ჯამში კი მე-7 მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ გოგშელიძემ პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზეც მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ მსაჯებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს ბრინჯაოს მედალი წაართვეს. გეგეშიძე ნახევარფინალში ყაზახ დანიალ გაჯიავს დაუპირისპირდა. მე-3 პერიოდის ბოლო წამებში იგი შეხვედრას იგებდა, თუმცა ყაზახების გაპროტესტების შემდეგ ჩვენს სპორტსმენს 2 ქულა წაართვეს, მოწინააღმდეგეს კი 1 მიანიჭეს. იმის გამო, რომ შეხვედრის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი გეგეშიძემ ქულის აღება ვეღარ შეძლო და ბრინჯაოს მედალს უსამართლოდ დაემშვიდობა.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 204 ქვეყნიდან მედლის მოპოვება მხოლოდ 85-მა ქვეყანამ შეძლო, საქართველოს გამოსვლა საკმაოდ წარმატებულია. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა მედლების რაოდენობით 39-ე ადგილს ინაწილებს მექსიკასთან და ჯაბნის ისეთი დონის ქვეყნებს, როგორებიცაა: არგენტინა, ბულგარეთი, ფინეთი, ბელგია, ეგვიპტე, პორტუგალია და სხვ.
მედლის მფლობელი ქვეყნების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ
სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
ვინ გახდა საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი?! ლაშა შავდათუაშვილი 20 წლის ოლიმპიური ჩემპიონია ლექსები ფეხბურთზე #1 პატრიარქის ქადაგებებიდან ... მამათა გამონათქვამები
შეაფასეთ სტატია:













