;

29 January 2015      ANGEL     Views 8144    
Category: Fun, Interesting, Man, Georgians, for ANGEL.ge, Stars



It Boy : მირიან ჯეჯელავა

საზოგადოება მირიან ჯეჯელავას არაერთი პროექტიდან იცნობს. ტელეკომპანია იმედის მუსიკალურ შოუში „ორი ვარსკვლავი“ იგი მომღერლის ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე ნინი ცნობილაძესთან ერთად. მისთვის მომღერლობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც არ უშინდება. ტელე-რადიო წამყვანი პროფესიით მსახიობია. გავიგოთ, როგორ განვითარდა მიკის პროფესიული საქმიანობა, როგორია მისი სტილი და რამ განაპირობა იმიჯის ცვლილება. ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია




საზოგადოებისთვის არაერთი პროექტიდან ხარ ცნობილი, თუმცა ბევრმა არც იცის,
რომ შენი ძირითადი პროფესიით მსახიობი ხარ. რამ განაპირობა შენი პროფესიის არჩევა?


ბავშვობიდან მომწონდა სცენა. ყველაფერი, რაც თეატრს უკავშირდებოდა: ფარდა, განათება, კულისები, მაყურებლის პარტერი. ბავშობიდან მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, სცენაზე ვიდექი და ვმართავდი წარმოდგენებს. ვცეკვავდი, ვმღეროდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც სცენას უკავშირდება. არც მიფიქრია სხვა პროფესია ამერჩია. თავიდანვე ვიცოდი რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. ზუგდიდში დავიბადე, მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ადგილობრივ თეატრში ვითამაშე. დაწყებით კლასში ვიყავი უკვე მსახიობი, რომელიც თავისი შრომით მოპოვებულ ხელფასს იღებდა. ამ პირველი სამსახურიდან მოვიწამლე სცენის სიყვარულით. ვიცოდი, რომ ჩემი საქმე ეს უნდა ყოფილიყო.

ბავშობიდან მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, არც მიფიქრია სხვა პროფესია ამერჩია. თავიდანვე ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი.



instagram: @mirianjejelava


სხვა პროფესიით სად დაიწყე პირველად მუშაობა?
ეს იყო რადიო, სადაც სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა. რადიო იმდენად შემიყვარდა რომ მერვე წელია უკვე თავს ვერ ვანებებ. სულ მინდა ეთერში ყოფნა.

რა განაპირობებს ამ ერთგულებას რადიოს მიმართ?
სიყვარული. ვისაც ერთხელ მაინც უმუშავია რადიოში, ყველა დამეთანხმება, რომ მიჩვევა იცის. როგორი დაკავებულიც არ უნდა იყო, რადიოსკენ ყოველთვის მოგიწევს გული. როგორც სცენას, ასევე რადიოსაც რომ შეეჩვევი, ვეღარ ანებებ თავს. დაახლოებით, ჰგავს ერთმანეთს ეს ორი პროფესია. პირდაპირ კავშირში ხარ მსმენელთან და მაყურებელთან. მათთან კონტაქტის დამყარება ყველაზე დიდი ბედნიერებაა.


"ორი ვარსკვლავი" - TV იმედის შოუს მეორე სეზონის პრომო
team: მირიან ჯეჯელავა და ნინი ცნობილაძე



რომელი იყო ის წარმატებული ნაბიჯი, რომლითაც საზოგადოებამ გაგიცნო?
ერთი პროექტი არ ყოფილა, რომლითაც საზოგადოებამ გამიცნო. ეს იყო ფილმი, სერიალი. პირველად ეკრანზე, როგორც სარეკლამო სახე, ისე გამოვჩნდი. მაშინ არსებობდა სარეკლამო კომპანია „სარკე“, რომელმაც გადამიღო შამპანურ „ბაგრატიონის“ რეკლამაში. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი. ეს იყო სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტის-მიკის, პირველი გამოჩენა ეკრანზე. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი სარეკლამო რგოლი. ძალიან ბევრი მასშტაბური კონცერტის წამყვანი ვიყავი.

რადიო იმდენად შემიყვარდა რომ მერვე წელია უკვე თავს ვერ ვანებებ. სულ მინდა ეთერში ყოფნა. პირდაპირ კავშირში ხარ მსმენელთან და მაყურებელთან. მათთან კონტაქტის დამყარება ყველაზე დიდი ბედნიერებაა.




ცნობადობის დონის ამაღლების შემდეგ, შეიცვალა რამე?
არა, არაფერი შეცვლილა. ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი, თუნდაც 6 წლის ასაკში. ისევე განვიცდი და მიხარია, მყავს ოჯახი და სამეგობრო წრე. უბრალოდ, ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. პარარალელურად, ვცდილობ არ მოვეშვა და აქტიურ რეჟიმში ვიყო ჩართული.

როგორია შენი თავისუფალი დღე?
ასეთი თითქმის არ არის. თუ ეთერში არ ვარ, ვარ გადაღებაზე, ან რეპეტიციაზე. ახლა, პროექტ „ორი ვარსკვლავის“ რეპეტიციები დამემატა. ეს უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს.

თამამი ნაბიჯია შენგან? გიფიქრია როდესმე მომღერლობაზე?
არ მიფიქრია, ეს სრულიად ახალი რამ არის. ბავშვობაში ვმღეროდი. ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობისთვის, სიმღერა ჩემთვისაც არ არის უცხო ხილი. ესეთ მასშტაბურ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ძალიან ვნერვიულობ და მაყურებლის მხარდაჭერის იმედი მაქვს.



ვისაუბროთ, შენი იმიჯის ცვლილებაზე. 17 კილო დაიკელი და
ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ. რამ განაპირობა ამხელა ცვლილება შენს ცხოვრებაში?


ბავშვობაში ისეთი გამხდარი ვიყავი, რომ ოჯახში ეს სერიოზული პრობლემა იყო. ყველა განიცდიდა რომ ასეთი გამხდარი ვიყავი. დავყავდით ექიმებთან, სხვადასხვა პროცედურებზე, თუმცა უშედეგოდ. მე-7 თუ მე-8 კლასიდან დავიწყე წონაში მომატება. ძალიან მოვიმატე, მე-11 კლასიდან მივხვდი რომ ჩემი სიმსუქნე აღარ მომწონდა. მინდოდა რომ ისევ გამხდარი ვყოფილიყავი. სარკეში რომ ვიხედებოდი, ჩემი გარეგნობა არ მაკმაყოფილებდა, მითუმეტეს ეს ის პერიოდია, როდესაც გინდა გოგონებს თავი მოაწონო. მოვინდომე და გავხდი. თეატრალურ უნივერსიტეტში ნორმალურ წონაზე ვიყავი. აქტიურ ცხოვრებაში ვიყავი ჩართული: რეპეტიციები, გადაღებები, გადაცემები. ყველაფერი არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იწყება. უძილობა და საკვების სხვადასხვა რეჟიმში არეულად მიღება, ორგანიზმისთვის კატასტროფაა. გადაცემა „ნუცას სკოლის“ დასრულების შემდეგ პასიურ რეჟიმზე გადავიდა. მუდმივად ვჭამდი და წონაშიც მოვიმატე. არაჯანსაღ ეტაპზე გადავედი. რამდენიმე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ვარჯიშის დაწყება გადავწყვიტე.


instagram: @mirianjejelava


სად ვარჯიშობ, ვინ გიწევს კონსულტაციას?
„ასპრიაში“ ვვარჯიშობ. ძალიან ბევრი პროფესიონალია, რომლებიც გირჩევენ თუ როგორ უნდა იკვებო და ივარჯიშო. ინსტრუქტორების დახმარებით დავიწყე ვარჯიში და დიეტა. ვარჯიშს არამარტო ფიზიკურად მოჰყავხარ ფორმაში, სულიერადაც გაძლიერებს, სტიმულს გაძლევს.სტრესისგან გათავისუფლებს, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და ფიქრსაც სხვანაირად იწყებ. ვარჯიში არამარტო ფიზიკური ფორმების ჩამოყალიბებაში, არამედ მორალურადაც ძალიან დამეხმარა. უახლოს წარსულში ყველაზე დადებითი შედეგი ვარჯიშსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს აქვს.

როლისთვის თუ ყოფილა რაიმე ექსპერიმენტი გარეგნობაში?
მაშინ, როდესაც საგრძნობლად ვიყავი მომატებული წონაში, ფესტივალ „არდი-ფესტის“ ფარგლებში სამეფო უბნის თეატრში ვითამაშე სპექტაკლში, სადაც ჩემი წონა მოვირგე. იმ სპექტაკლში დღევანდელთან შედარებით, რადიკალურად განსხავებული მიკია.



ვისაუბროთ, შენ სტილზე. როგორია შენი ყოველდღიური და ყველაზე კომფორტული სტილი?
არ მაქვს გამორჩეული სტილი, მთავარია კომფორტული იყოს. ძირითადი არის სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსი და სვიტერი.

ქართველი დიზაინერების სამოსი თუ არის შენ გარდერობში?
გადაღებებსა თუ გადაცემებში ჩამიცვამს მათი სამოსი. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი და ვიქნებოდი მათი სამოსის მომხმარებელი. ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ უპირატესობას არ ვანიჭებ ჩაცმას. სცენაზე და გადაცემებში ძალიან მნიშვნელოვანია რა აცვია ადამიანს.

არ გიჭირს სამოსის შეძენა თბილისში?
არა, შეიძლება მეცვას როგორც ბრენდული სამოსი, ასევე არაბრენდული სამოსი. ჩემთვის ფასს მნიშვნელობა არ აქვს. არ მენანება თანხის დახარჯვა ფეხსაცმელში, რადგან აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. მთავარია კომფორტულად ვიყო.თბილისშიც არის მაღაზიები, რომლებშიც უპრობლემოდ მოარგებ შენ სტილს არსებულ კოლექციას.



რა არის შენი მუდმივი და საყვარელი აქსესუარი?
მიკეთია წარმატების ამულეტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შევიძინე. გადავხედე ჩემს ასტროლოგიურ რუკას და აღმოვაჩინე რომ 2015 წელი სასწორებისათვის წარმატებული წელი იქნება და მივაშველე ეს აქსესუარიც. მიკეთია სამაჯური, ბეჭედი,რომელიც ბოლო დროს ავიკვიატე. სათვალეს მაშინ ვიკეთებ, როდესაც მზე აცხუნებს, დანიშნულებისამებრ. დიდი ხნის განმავლობაში კომპლექსი მქონდა, მეგონა არ მიხდებოდა სათვალე, ახლა შევეჩვიე. მუდმივად დამაქვს ზურგჩანთა, რომელშიც ბევრი საჭირო ნივთია მოთავსებული. არ მყავს მანქანა და ამიტომაც თან დამაქვს ყველაფერი. სასაცილოა ის, რომ ჩემი ძმა მანქანას მჩუქნის, მაგრამ მე არ მინდა. ალბათ, ასე არავინ მოიქცეოდა. მირჩევნია ფეხით ვიარო. ადრე თუ გვიან დავიწყებ ავტომობილის მართვას, მაგრამ ამ ეტაზე არ მიმაჩნია აუცილებლად. ჯერჯერობით არ მექმნება დისკომფორტი.

რომელია შენი საყვარელი ფილმი და წიგნი?
ვერ გამოვარჩევ. კინო ძალიან მიყვარს. გენიალური რეჟისორების ფილმები შემიძლია ჩამოვთვალო, თუმცა სია ძალიან გრძელი იქნება. მსახიობთა ჯგუფსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება წიგნს, ისიც ბევრია. ზოგიერთის ხელახლა წაკითხვის სურვილიც მიჩნდება, თუმცა დროის დეფიციტის გამო ამას ვერ ვახერხებ. მინდა რაც შეიძლება მეტი ავტორის ნაწარმოებს გავეცნო და ამით კიდევ უფრო მეტი სულიერი საზრდო მივიღო.



მსახიობ ჯუდ ლოუს ბევრი გამსაგავსებს. მას როგორ შეაფესებდი, როგორც მსახიობს?
ძალიან ნიჭიერი არტისტია. ვფიქრობ, თანამედროვე მსახიობებში ერთ-ერთი საუკეთესო.

ახდენს რაიმე გავლენას ჯუდ ლოუ შენზე?
არასდროს არ მიმიბაძია. ამის მცდელობა არ მქონია. პირველად, თეატრალურ უნივერსიტეტში მიმამსგავსეს მას. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი რომელ მსახიობზე იყო საუბარი. ინტერნეტში მოვიძიე და აღმოვაჩინე რომ ვიცოდი ეს მსახიობი. არც ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა შემდეგ მეც დავიჭირე მსგავსება, ბევრი ფილმი მაქვს ნანახი, სადაც მანერებიც კი ერთნაირი გვაქვს: ჟესტიკულაცია, გამოხედვა, მოძრაობა. რამდენიმე ფილმსა და ფოტოში განსაკუთრებულად ვგავარ.



როგორია შენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები?

ჭკუა ვისწავლე. წინასწარ არაფერს ვგეგმავ და არც ვამბობ, რადგან ცუდად მაქვს დაცდილი. ძალიან ბევი საინტერესო პროექტი, გადაღება, სპექტაკლი დაგეგმილა. წინასწარ როგორც კი შევუდგებოდი რომელიმეს დაგეგმარებას 100%-იდან 100-ივე ჩაშლილა. ახლა, ჩუმად ვარ და გულში ვინახავ. ყველაფერი მოულოდნელად ხდება. შეიძლება ხვალ რომელიმე ქასტინგ-მენეჯერმა დამირეკოს და მითხრას, რომ გადაღებისთვის ქასთინგია. შეიძლება ერთი წელი, ან მეტიც ისე გავიდეს, რომ არაფერში არ გადაგიღონ და არც სპექტაკლში ითამაშო. შეძლებისდაგვარად მინდა სამსახიობო კარიერას მივყვე.



Photo: @lekolevani Artwork: @irraklio "უკან მოუხედავად"

მირიან "მიკი" ჯეჯელავა ინსტაგრამზე: @mirianjejelava
და ადევნეთ თვალი ენჯელ.ჯი-ს ინსტაგრამზე: @wwwangelge



Category: Fun, Interesting, Man, Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top